თიბისი კაპიტალმა მესამედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების უახლესი დინამიკა, პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.
თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი კი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა.
შეზღუდვების შერბილების შემდეგ მაღალი ზრდა ფიქსირდება უნაღდო ხარჯვაში. გასათვალისწინებელია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევებში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი გაუმჯობესება შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო მიმოხილვა გვქონდა თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიგნებების გარშემო. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულად განახლებადი, სწრაფი ინდიკატორები და ყოველთვიური შემაჯამებელი რეპორტები დამატებითი ინსტრუმენტია კომპანიებისთვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, შემდეგი თვეების დასაგეგმად და მოცემულ სიტუაციასთან ბიზნესის ეფექტური ადაპტაციისთვის“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbcresearch.ge