თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა – ქანთარია

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კონგრესმენების ანგარიშზე ამბობს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვინმემ ეს დოკუმენტი მოიპარა ბიძინა ივანიშვილის გვარ-სახელი მიაწერა.

“დამეთანხმებით, ასეთი მჭიდრო კავშირი, როგორიც დღეს არის ამერიკასთან, არასდროს არ ყოფილა, ორპარტიული, ასევე უმჭიდროვესი კავშირი ნატოსთან, საერთოდ ევროპასთან, საერთოდ არ ყოფილა. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა, არ ვიცი მე-13 კონგრესმენმა, მე-12-მ თუ მე-5-მ, მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა კონტექსტში უცბად არის ეს გვარი, კაცზე რომელსაც, აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის”,- ამბობს ქანთარია ტვ პირველის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ არამგონია “რაღაც დეტექტიურ სურათთან გვქონდეს საქმე”, თუმცა ასეთი შთაბეჭდილება დარჩა.

ქანთარიასვე თქმით, ერთადერთი დანაშაული რაც კრემლთან ივანიშვილს აქვს ჩადენილი, ის არის, რომ ამ დროის განმავლობაში ომის პროვოცირება არ მომხდარა.

“აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.