“თუკი ასეთი პანიკური რეაქცია გვექნა სხვადასხვა სახის ვირუსზე, ცხოვრება უკვე დაბადებამდე დაკარგავს ყოველგვარ აზრს“–იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე მუდმივად წერს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გერმანულ მაგალითებისა და ქართული ჯანდაცვის სისტემის ნაბიჯებსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მისი აზრით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ის ტაქტიკა, რაც ქართულმა ჯანდაცვამ აირჩია არასწორია:

“გავრცელებულია მოსაზრება, რომ ,,გერმანია მდიდარია და საქართველოს ვერ შეადარებ, სხვა რესურს ჰქონდა ინფიცირებულის მოსავლელად,,

ჯერ ერთი, რომ საქართველოში ის სტატისტიკა თუ ქართული ჯანდაცვა სწორს ეძახის, არ არსებულა ეპიდემია. გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 10ჯერ მეტი.
მეორეც, რაში გამოიყენა გერმანიამ ტაიმაუტი ამ შეზღუდვების, კარანტინის დროს?

1. დაიწყო დამცავი ეპიკიურის მომარაგება უპირველესად ინტენსიური, მერე საავადმყოფო, მერე ამბულატორიული სექტორი. ეს დაკავშირებული არაა დიდ თანხებთან და ყველას შეუძლია ამისი ფინანსირება.

2. მოახდინა პაციენტების მაქსიმალურად არ მიშვება და კონცენტრაცია საავადმყოფოების ამბულატორიებში.

როგორ გააკეთა ეს?

ჩემისთანა პრაქტიკოსი ექიმების დახმარებით.

ყველა ექიმს დაუწესა რომ არსებობს მორიგე ტელეფონი 116 117 და იქ ვინმე რომ დაგელაპარაკება, თუ გეშინია, თუ ტესტი გინდა, სანამ სადმე წახვიდოდე, დაელაპარაკე ექიმს.

ეს სერვისი არაფერი ღირს, არც ექიმისთვის, გარდა დროისა, არც სისტემისათვის.
საქართველოში რამდენიმე ათასი ექიმი და ორდინატურა თუ რეზიდენტურაში მყოფი დასახელოვნებელი ექიმია. აი ამ ადამიანების მობილიზირება არ მოხდა. არ გახდა საჭირო, გამოიჩინა საქართველოს მოსახლეობამ ჭკუა და განსჯის უნარი, და არ მიაწყდა ტესტირებისთვის კლინიკებს.

იქ სადაც ეს ვერ მოხერხდა, სადაც უსიმპტომო და ნაკლებსიმპტომიანი მიაწყდა სადიაგნოზე ცენტრებს, ეპიდემიამ ყველგან იფეთქა.

საქართველო ამ მხრივ მოქალაქეთა ჭკუამ და არა რაიმე ,,სახელისუფლო ქმედებამ,, გადაარჩინა.
ის რაც არ გაკეთდა, ცუდად გაკეთდა და ახლაც კეთდება, ესაა უსიმპტომოთა კოლექტიური ,,კარანტინი,, და საავადმყოფოებში მოთავსება.

აქაც უნდა ჩართულიყო ახლად ორგანიზებული ამბულატორიულ ექიმთა თუ დასახელოვნებელ ექიმთა მომსახურეობა, ჯერ ტელეფონით და საჭირო რო ყოფილიყო, აი მერე სახლში კონტაქტით.
გერმანიაში ბევრი საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო სახლში.

ამას ვერ მოთხოვ ქართულ სისტემას, მაგრამ, სატელეფონო 24 საათიანი კონტაქტი ტრენინგგავლილ და კითხვებზე პასუხის მქონე ექიმთან არ არის ძვირი და ადვილია ორგანიზება.

3. სარისკო პაციენტების იდენტიფიცირება და მათთან კონტაქტი იყო გერმანიაში ოჯახის, ანუ ქართულ ვარიანტში უბნის ექიმთა პირველი ქმედება. ეს საქმე ჯანდაცვამ აქ გერმანიაში ექიმებს დაგვავალა და გვთხოვა. გვითხრა რა სისტემა და ალგორითმი გამოგვეყენებინა რისკის ჯგფის სიების შესადგენად და გავაკეთეთ.

არ დაგვჭირდა ამისი გამოყენება გერმანიაში, და არც საქართველოში აღმოჩნდა ეს საჭირო, მაგრამ, ხვალ ან როდესმე რომ დაგვჭირდეს, ეს გერმანიას უკვე მზად აქვს. ამ აქციასაც კაპიკი ფული არ დასჭირვებია, უფასოდ გააკეთა ყველა ექიმმა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ,,უბნის ექიმებიც,, ამას გააკეთებდნენ, ვინმეს რომ ეთქვა.

4. ჩამოყალიბდა პრიორიტეტების სისტემა, ანუ, ეგრეთწოდებული ტრიაჟი, ანუ, პაციენტების ალგორითმული შეფასება პირველი კონტაქტის, აქ გერმანიაში სატელეფონო კონტაქტის ექიმის მიერ.

ეს ნიშნავდა, რომ ნებისმიერი პაციენტი, რომელმაც დარეკა და კითხვით მიმართა სატელეფონო სერვისს, რეგისტრირდება, და ექიმს შეუძლია ამ პიროვნების სხვა ზარებისაგან შექმნას ზოგადი სურათი, თუ რა ხდება რეალურად. ეს ამცირებს პანიკის გამო ექიმის გამოძახებას. როცა ადამიანს ეუბნები, რომ ეს ჩივილი გუშინ კიარა, უკვე ორი კვირა აქვს და გადააბიჯა ინკუბაციის პერიოდის შემდგომი ეტაპის ჩივილებს, ამ შემთხვევაში ადამიანმა იცის, რომ მას ესაუბრება პროფესიონალი, რომელმაც იცის ავადმყოფის პირადი ავადმყოფობის ისტორია. ეს აწყნარებს ადამიანს და აქარწყლებს პანიკას.

ამ სისტემას უნდა რათქმაუნდაა ფული და კომპიუტერის სპეციალისტები, კომპიუტერული ცენტრები, სადაც ინფორმაცია მუშავდება.

ეს მესმის, რომ საქართველოსთვის რთული იქნებოდა. თუმცა, ესეც არაა დიდი ფინანსური თუ ლოგისტიკური პრობლემა.

5. და ბოლოს, მართლაც უმთავრესი, რაც გერმანიაში მოხდა და საქართველომ ძალიან გვიან დაიწყო, იქნებ არც დაიწყო, ესაა სამედიცინო და სერვის პერსონალის სწრაფად და რეგულარულად, შეძლებისდაგვარად კვირაში ერთხელ მაინც ტესტირება.
ინფიცირებული პერსონალის 70% ყველა ქვეყანაში და ბევრგან უფრო მაღალი პროცენტული რაოდენობაც დასნეულდა საავადმყოფოში. სამედიცინო პერსონალის ინფიცირება სხვანაერი ხარისხისაა და მოხდა სხვადასხვა კორონიანთან კონტაქტის გამო, რაც ამძიმებს არამარტო პერსონალის მდგომარეობას, არამედ, გავრცელების შემთხვევაში ასეთი ტიპის ინფექციები უფრო აგრესიულებია. თანაც, ერთი ინფიცირებული ექიმი თუ ექთანი იმ რაღაც 4 თუ 5 დღის ვირულენტობის პერიოდში 5 ჯერ მეტ ადამიანს აინფიცირებს, ვიდრე არასამედიცინო პერსონალი.
უმთავრესი კი ისაა, რომ გერმანიაში არ მოხდა საავადმყოფოსა თუ ამბულატორიებში პაციენტებზე ვნება იმით, რომ ელემენტარული ჰიგიენური წესები დაირღვა და ვერ მოხერხდა ინფექციის უზენაესი წესის, დისტანციის დაცვა.

ბევრი დიდი ქვეყნის დიდ ქალაქებში ვერ მოხერხდა ეს ელემენტარული წესრიგი.

როცა საავადმყოფო არის გათვლილი 100 საწოლზე, ამას აქვს ჰიგიენური საფუძველიც. თუკი იქ 1000 პაციენტს დააწვენ, ვერ დაიცავ ვერცერთ ჰიგიენურ წესს და დაავადდება პერსონალი, რომელიც მერე ყველას დაავადებს.

გერმანიაში ასეთი რამ არ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ავადმყოფებთან ექიმების პირადი სატელეფონო სერვისის გამო და დახმარებით.

გერმანიაში არ ყოფილა და დღემდე არაა კოლექტიური კარანტინები.

არასოდეს აუკრძალავთ გარეთ გასვლა და სპორტი, სეირნი, მოძრაობა.

წელს უკვე გადავიარეთ და გამოვიარეთ ეს ინფექცია, არ დაგვჭირდება ის ზომები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე,

მაგრამ,ცხოვრება გრძელდება და სამომავლოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ რაა ჯანდაცვის მოვალეობა და რაა ჩვენი ვალი, ყველამ უნდა იცოდეს სამომავლო სამოქმედო გეგმა.

ეს ყველაფერი რომ ადრე, თებერვალში გვცოდნოდა, ჩაიკეტებოდა მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი, მოხდებოდა პირბადისა და დისტანციის დაცვის აუცილებლად გამოცხადება, მხოლოდ მძიმე ჩივილიანი პაციენტების ჰოსპიტლიზაცია, დაიხურებოდა მხოლოდ მეტრო, გასამმაგდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხოლოდ სამი კვირით მოხდებოდა სხვა ოჯახებთან კონტაქტის შეზღუდვა, სკოლებისა და სასწავლებლების, დიდი ივენთების დახურვა და სხვა ყველაფერი იმუშავებდა.

თუკი ასეთი პანიკური რეაქცია გვექნა სხვადასხვა სახის ვირუსზე, ცხოვრება უკვე დაბადებამდე დაკარგავს ყოველგვარ აზრს.– წერს იაგო ფრანგიშვილი.