თუკი ეს ადამიანი გადადგა, რატომ არ გადადგნენ სხვები – სერგეენკო საბანაძეზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

სერგეენკო აცხადებს, რომ კახა საბანაძის გადადგომის “მთავარი საკითხი”, ალბათ მოსმენების თემაა, თუმცა არ ესმის, რატომ არ გადადგნენ სხვა თანამდეობობის პირებიც, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.

“საბანაძის გადადგომის შესახებ მე ამ დილით გავიგე მედიიდან. მეტი დეტალები სამწუხაროდ არ ვიცი. აქ მთავარი საკითხი არის ალბათ ფარული მოსმენის თემა, რომელიც ასევე მედიაში გაჟღერდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დეტალურად აიხსნას ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებულიც იქნას. ჩემი აზრით, გამოძიება ცალსახად უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება კავშირს, თუკი ეს ადამიანი გადადგა, რატომ არ გადადგნენ სხვები, ამ შედარების გაკეთება გამიჭირდება. პირველ შემთხვევაზე, წინა შემთხვევაზე, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა და აქ არცერთი. ალბათ, დრო დამჭირდება მეც, რომ შევაფასო”. – ამბობს სერგეენკო.

დღეს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის მიერ მთავარი არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ საქმე აღძრა “ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე”.