უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ მთავარი არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ საქმე აღძრა “ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე”.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ეუბნება უწყება IPN–ს.

ცნობისთვის, “მთავარი არხის“ ეთერში ივანე გულაშვილმა მოყვა, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა ფიგურების სახლებში სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟებას. მათ შორის იყო ანა დოლიძე.

გარდა ამისა, გულაშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს მუსილმთა სამმრთველოს ყოფილ შეიხის ვაგიფ აკპეროვის პერონალურ კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა, რითაც მისი მიყურადება განხორციელდა.

გარდა ამისა, სუს–ის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მან “მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას ავტომობილს – “პრადოს“ ჯიპს GPS დაუმაგრა, რითაც მისი გადაადგილების მარშრუტს გაიგებდნენ.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა, როგორ გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.