თურქეთი მხარს არ უჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს არ უჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

მისი მტკიცებით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების “საოჯახო სასტუმროებია”

“ჩვენ ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ნატოში საბერძნეთის მიღება შეცდომა იყო.

მისი განმარტებით, თურქეთს არ უნდა მსგავსი შეცდომის გამეორება.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე თავად ქვეყანას, ამიტომ თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შეტანას, “მას თბილად მიესალმებიან ნატოში და გაწევრიანების პროცესი შეუფერხებლად და სწრაფად წარიმართება”.