თუ მოვდუნდებით, მაისის დასაწყისში ათასეული შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლს ვეთამაშებით, რადგან ხალხი შეკრებას არ წყვეტს, რაც დაუშვებელია.

„ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს რეკომენდაციებს და რეგულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და დანაკარგს გამოიწვევს.

,,თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი.