ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნნე აშშ–ის კონგრესის მხრიდან – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე.

“ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს- ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს გზა არის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესისი მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალს”,- თქვა სამადაშვილმა.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, გიორგი რურუა ციხიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ.

“ამიტომ, დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში. ჩვენი მხრიდან ვფიქრობთ, რომ ამ განცხადების ფონზე კიდევ ერთხელ გვსურს ხელისუფლებას მოვუწოდოთ გამოიყენონ შესაძლებლობის ფანჯარა, საპყრობილედან გაათავისუფლონ უახლოეს დღეებში პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, შეცვალონ კონსტიტუცია და მოემზადონ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისთვის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის 13 კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.