ივანიშვილი წლის ბოლოს დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღების საფრთხე არსებობს.

„ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება”,- ამბობს მელია.

მისივე თქმით, წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა.

,,ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან. აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ”,- განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო.