იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.
„შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა. როდესაც კანონი ძალაში შევა, ჩვენ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას შესაბამის ცვლილებებს კანონში. აუცილებლად ვუზრუნველყოფთ, რომ ამ ცვლილებების განხილვა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობის პირობებში, მათ შორის პარლამენტში. ვფიქრობ, მითუმეტეს უნდა გამოეჩინა პრეზიდენტს მეტი პოლიტიკური ნება და ესარგებლა ვეტოს უფლებით. მისი დისკრეციული უფლებაა ვეტოს გამოყენება, შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ვიწრო ინტერპრეტაცია მიეცა, ამ დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და განეცხადებინა, რომ მას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ვეტო გამოეყენებინა. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.