იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ავრცელებს, რომელმაც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის
მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

TI-ში ამბობენ, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. მათივე თქმით, კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

მაგალითად: 

  • ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ანტონ ჩიხლაძემ 2022 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სპს “ჩიხლაძე-მედეა 2000”-ს მმართველი პარტნიორი.
  • თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, რომლის 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ორგანიზაციის განცხადებით, არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “აგროჯორჯიიას” 25% წილის, შპს “ზედაზენი იმერეთის” 95% წილის და შპს “ბერტა იმერეთის” 100% წილის მფლობელი და ამ უკანასკნელის დირექტორი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.  ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ბარათაშვილი შპს “ზედაზენი იმერეთში” ზაზა კედელაშვილის საკუთრებაში არსებული 5% წილის მმართველია. დოკუმენტში ვკითხულობთ, გიორგი ბარათაშვილს ამ კომპანიების შესახებ ეწერა 2022 წლის დეკლარაციაში. TI-ს თქმით, გიორგი ბარათავშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი ამავე დროს შპს “კრისტალი 2010”-ის 25% წილის მფლობელიცაა.
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
  • ვანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, დავით გაბუნიას 2022 წლის სექტემბერს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის კოოპერატივის
    ,,რკ საქართველოს რესპუბლიკის ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.