Facebook-მა რამზან კადიროვს “ინსტაგრამის” ანგარიში დაუბლოკა

კომპანია Facebook-მა, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამსაც“ ფლობს, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინსტაგრამის ანგარიში დაბლოკა.

რუსული მედია РБК-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი კადიროვის მიმართ დაწესებული სანქციებია.

„როგორც ამერიკული კომპანია, ვმოქმედებთ აშშ-ის სანქციური კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, წავშალეთ იმ პირის ანგარიშები, რომელზეც სანქციებია დაწესებული. მსგავს ანგარიშებთან ადრეც ასე ვმუშაობდით“, — უთხრა РБК-ს Facebook-ის წარმომადგენელმა.

რამზან კადიროვის ანგარიში ამ დროისთვის აღარ იძებნება.

დაიბლოკა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვისა და პარლამენტის წევრის, აბუზაიდ ვისმურადოვის ანგარიშებიც.