ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ერთ-ერთი პირველი დაინფიცირდა და კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა.

“ჩვენთან დღევანდელი დღის ჩათვლით 130-მა პაციენტმა იმკურნალა. აქედან 72 გვყავს გამოჯანმრთელებული. შემიძლია გითხრათ, რომ N5 პაციენტიც გამოჯანმრთელდა”, – თქვა ეზუგბაიამ.

ამ პაციენტის შესახებ პაატა იმნაძემ 21 აპრილს ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველოში ერთი პაციენტი მკურნალობდა, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, იყო პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე, თუმცა შემდეგ ისევ დადებითი აჩვენა ტესტმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.