იოსელიანი IRI-ზე: მარტო ჩვენ ვაჩვენეთ ზრდა, ეს ადასტურებს გადაწყვეტილებების სისწორეს

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ეხმიანება IRI-ს კვლევას და აცხადებს, რომ რეიტინგი მხოლოდ მის პარტიას გაეზარდა, რაც, მისი აზრით, მათი გადაწყვეტილებების სისწორეს ადასტურებს.

“მიუხედავად იმისა, რომ კვლევა, ჩვენი პარტიის მიმართ, ნეგატიური კამპანიის პიკზეა ჩატარებული, მაინც ზრდა ვაჩვენეთ და რაც მთავარია – მარტო ჩვენ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს”,– წერს იოსელიანი Facebook–ზე.

IRI-ს ბოლო კვლევაში პარტია “მოქალაქეების” რეიტინგი კვლავ 2%–ია, თუმცა კითხვაზე, ბიულეტინზე თუ არ იქნება პირველი არჩეული პარტია, ვის მისცემდით ხმას, 3% “ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს” ემხრობა. შესაბამისად, 3% მეორე პარტიად “მოქალაქეებს” ასახელებს, რასაც იოსელიანი რეიტინგის ზრდად აფასებს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.