ირკვევა, რომ მიყურადების ფორმით იცოდნენ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას – ბოკერია ISFED-ზე

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც არჩევნებზე მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება.

ბოკერიას განცხადებით, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის ოპოზიციისთვის შეთავაზებით “მახე დააგო”.

“ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, რომ მოდი ჩავუჯდეთ სამართლიანი არჩევნებს და თუ იქ დადასტურდა, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.

აქედან ირკვევა, რომ დიდი ალბათობით უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავიანთი ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT–ია საზომი და მოდი, უნდა ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით. ამ ტიპის თამაშს ეწევა, რომ რაღაც ინფორმაცია მოიპოვა უკანონოდ, დიდი ალბათობით, წინასწარ და მახეს უგებდა საჯაროდ ელჩებთან ოპოზიციას”,– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა.

მათი განცხადებით, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.