ისტერიკა და ხელოვნური აჟიოტაჟია – გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.

მისი თქმით, როდესაც ვხედავთ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარებს, ეს არ ნიშნავს რომ ისინი საზღვართან დგანან, ისინი არიან ბაზებზე, ამ ბაზებზე კი ჯარები ხან იზრდება, ხან მცირდება, რაც ნორმალური პროცესია ყველა ქვეყნისთვის.

“რატომ არის ისტერიკა ახლა, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური აჟიოტაჟი და პრობლემა. ვინც ამძაფრებს ამ პრობლემას, მან მოახდინოს დეესკალაცია, ამას რუსეთი არ აკეთებს”,– ამბობს დმიტრი პოლიანსკი.

მისივე განცხადებით, რუსეთი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, მაგრამ არ ეთანხმება მის ნატოში გაწევრიანებას.

“ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, უკაინელების დიდ ნაწილს ესმის და საუბრობს რუსულად. ესაა, როგორც ვუყურებთ ამ სიტუაციას”,- ამბობს პოლიანსკი და აღნიშნავს, რომ NATO-ს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებთან რუსეთის უსაფრთხოებას „საფრთხის წინაშე“ დააყენებს.

ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაჰყავს, თუმცა ამერიკის ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. მათივე განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 7000 ჯარისკაცი დაამატა.