შინაური ცხოველების, კერძოდ ძაღლების და კატების მფლობელებს უფრო ადვილად, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ კორონავირუსი Covid19. ასეთი განცხადება გააკეთა პოლონელმა ექიმმა, საბინა ოლექს–კონდორმა, რომელიც მადრიდის ერთ–ერთ კლინიკაში მუშაობს.
მისი აზრი კორონავირუსით დაინფიცირებული 100 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფზე დაკვირვებას ეფუძნება. ექიმი ვარაუდობს, რომ ბეწვთან და ნერწყვთან მუდმივი კონტაქტის გამო ძაღლების და კატების პატრონთა იმუნიტეტი სხვადასხვა პათოგენების მიმართ უფრო მდგრადია.
“ეს საკითხი შემდგომ შესწავლას მოითხოვს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს მაღალ იმუნიტეტთან ცხოველებისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ კორონავირუსებთან მუდმივი კონტაქტის გამო, რაც იმუნური სისტემის უფრო ეფექტურად მუშაობას იწვევს“– ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, ის აღნიშნავს რომ ასეთი ტენდენცია აღინიშნება მედიკოსებს შორისაც. კერძოდ, მათ შორის, ვისაც სახლში კატები ყავთ ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია მაშინ, როცა ყველაზე მეტად ის ექიმები ინფიცირდებიან, ვისაც სახლში ცხოველი არ ყავთ.
ერთ–ერთი თეორია კატების და ძაღლების მოყვარულთა მომეტებული მდგრადობის შესახებ საშიში დაავადების მიმართ ჯვარედინ რეაქციას ეფუძნება. ცნობილია, რომ კატებში არსებობს კატების კორონავირუსის ფორმა, რომელიც ადამიანზე არ გადადის. ამიტომაც შესაძლებელია ადამიანებს, ვისაც ყოველდღიური ახლო ურთიერთობა აქვთ ვირუსის მატარებელ კატებთან, კატის ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამოუმუშავდებათ. და ამ სხეულებს ადამიანის ვირუსის განადგურებაც შეუძლიათ. ეს მოვლენა ბუნებაში არსებობს და მას ჯვარედინ რეაქციას უწოდებენ. რა თქმა უნდა, ამ ვარაუდის დასადასტურებლად სიღრმისეული კვლევაა საჭირო.
ზოგადად კი მედიკოსები აღნიშნავენ, რომ კატებთან, ძაღლებთან, ჩიტებთან, თევზებთან, სხვა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა და მათი მოვლა ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას ასტიმულირებს. ამას ხელს უწყობს ბეწვთან, ფრთებთან, ნერწყვთან და მიროორგანიზმებთან მუდმივი კონტაქტი, რომლებიც ცხოველების ორგანიზმში ბუდობენ. უფრო მეტიც, ის ადამიანები, ვინც ბეწვიან ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, რომლებსაც მუდმივი გასეირნება ესაჭიროებათ, მუდმივად იღებენ კარგი იმუნიტეტისთვის საჭირო ფიზიკური აქტივობის აუცილებელ პორციას, რასაც თავისი წვლილი შეაქვს აორგანიზმის დაცვითი მექანიზმების ფორმირებაში.