კაცს, რომელმაც მძინარე ყოფილი ცოლი ნაჯახით მოკლა, 16 წელი მიუსაჯეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენდერის ნიშნით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.

შსს ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.