კვოტები, პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება ემსახურება პოლიტიკური სივრცის გაფარჩაკებას – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხს ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, დაგეგმილი პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება და კვოტების შემოღება პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებასა და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება.

“ივანიშვილის ერთერთი მონა-მოსამსახურის მიერ დაანონსებული საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ცვლილება, ე.წ. გენდერული კვოტების შემოღებისა და პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილების ჩათვლით, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში არსებული ფარჩაკი პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებას და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგძლივად ჩაბეტონებას. ეს ასეა, მიუხედავად იმისა როგორ გაპრავდება ეს ცვლილებები ოცნების ან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, და რამდენი ‘სასარგებლო იდიოტი’ დაუჭერს ამ ცვლილებების რომელიმე ნაწილს საჯაროდ მხარს”,– აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა, თვითმმართველობის არჩევნებზე კი სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

პარტიების ახალი დაფინანსების მოდელით, პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე – 5 ლარს. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დაფინანსებას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.

საარჩევნო კოდექსი 30 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.