კირთაძის თქმით, ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდნენ

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძის თქმით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე სლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდა.

კირთაძემ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერიც, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.

“ოცნებას ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან სჭირდებოდა 1 ადამიანის გადაყვანა იმისთვის, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნება. ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, ეს გახლდათ ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა უკვე ეს გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და მომაწოდა პირადად მე.

აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ისინი 100 000 დოლარს ფუტკარაძეს. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. ვაჟა თაბაგიძე ამავდროულად არის ზაზა დიასამიძის, ხელვაჩაურის მერის ბიძა, ჩანაწერებში კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან”, – თქვა კირთაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.