კობახიძე ვერ გააუქმებს ჩვენს ღონისძიებას, არ ვცხოვრობთ რუსეთში – თაბაგარი პრაიდზე

ფოტო: რადიო თავისუფლება

პრაიდის მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ეხმიანება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ადამიანებს ღირსების მარშის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.

თაბაგარის თქმით, მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციითაა დაცული, ამიტომ ირაკლი კობახიძე მათ ღონისძიებას ვერ გააუქმებს.

“ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ყოვლად სამარცხვინო. ის პირდაპირ კოჭს უგორებს საპატრიარქოს, კოჭს უგორებს რუსეთის და კრემლის მასხარა ლევან ვასაძეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის ავტორი მსგავს განცხადებას აკეთებს და პირდაპირ ფეხქვეშ თელავს საქართველოს უმთავრეს კანონს. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით შეკრების და მანიფესტაციის უფლებას არ სჭირდება ნებართვა, ჩვენ არ ვცხოვრობთ რუსეთში, შესაბამისად, ირაკლი კობახიძე ვერ გააუქმებს ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას”,– თქვა თაბაგარმა მთავარი არხის ეთერში.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ. მისი თქმით, ამის მიზეზი “სრული კონტექსტია”.