კოვიდის საწინააღმდეგო ზომები გრიპის ვირუსს ამარცხებს

“ანტიკოვიდური ზომების“ დადებითი ეფექტი გრიპის და სხვა რესპირატორული დაავადებების მკვეთრი შემცირება გახდა. გერმანულმა რობერტ კოხის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად მთელ გერმანიაში ამ წლის დასაწყისიდან გრიპის 400-ზე ნაკლები შემთხვევა დადასტურდა. არადა, გასული წლის იანვარში გრიპის ვირუსით 20 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული. ხაზგასმულია, რომ ეს არის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზები, ანუ რეალური ციფრები ბევრად მაღალია, თუმცა შემცირების მაშტაბის საილუსტრაციოდ საკმარისია.

ვინაიდან კორონავირუსი და გრიპის ვირუსი მსგავსი გზებით ვრცელდება, საწინააღმდეგო ზომებიც ორივეს მიმართ ეფექტურია: ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცია, დეზინფექცია და მასობრივი თავშეყრის აკრძალვა გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც ეფექტური აღმოჩნდა.

ეს ეფექტი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შენიშნეს, როცა პირველი ლოქდაუნის ფონზე რესპირატორული დაავადებების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, გრიპის სეზონი კი ჩვეულებრივზე ადრე დამთავრდა.