ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრის ფოტოზე დასმული კითხვის გამო გორბის დირექტორმა ფორმულას ჟურნალისტი ოფისიდან გამოაგდო

სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ დირექტორმა მერაბ ფაჩულიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ოფისიდან გამოაგდო.

ფაჩულიას გაღიზიანება მისი და „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. ამასთან, „გორბის“ დირექტორმა „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მხოლოდ ოფისიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნა.

 „სად იწერება გორბის კვლევები“ – ასე დაასათაურა მოძრაობამ „გხედავ“ „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილისა და სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ ხელმძღვანელის, მერაბ ფაჩულიას შეხვედრის ამსახველი ერთ–ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტო თბილისში, 7 ივნისს არის გადაღებული.  კომპანია “გორბიმ” ერთი კვირის წინ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც “ქართული ოცნება” 55 პროცენტით ლიდერობს, ოპოზიციურ პარტიებს კი ბევრად  დაბალი რეიტინგები აქვთ.

რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, მან აღნიშნა, რომ კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს. გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოსთან დაკავშირებით ირონიული პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ფაქტობრივად, მისი ავთენტურობა დაადასტურა:

„რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, როგორც წესი, ვმართავ უქმე დღეებში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე და თან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის საათებში.
პ.ს. მეც გამიგეთ რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ.“–დაწერა ნაცვლიშვილმა ფეისბუქ გვერდზე.