მასშტაბური მეწყრის საწყისი ეტაპი – რა განცხადებას აკეთებს მოწვეული გეოლოგი დაძრულ მეწყერზე

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული პროცესების შედეგად მოწყვეტილი ლისის ფერდობის შესასწავლად მოწვეულმა გერმანელმა გეოლოგ-ინჟინერმა, პეტერ ნიუმანმა განაცხადა რომ შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყის ეტაპთან გვქონდეს საქმე. გერმანელი გეოლოგი გუშინ ტერიტორიას, 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდა. ის ასევე აცხადებს, რომ მეწყრის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესი კომპლექსურია და მისი გადაჭრა მრავალგვარ მიდგომას საჭიროებს

“უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია, არის აბსოლუტურად სწორი, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის მართებული. ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა. უნდა მივიღოთ პირველადი ზომები, როგორიცაა: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ნიუმანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ცნობილი გახდა,რომ ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. ფოტოები Forum.ge–ზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა,  მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.