მაქარაშვილს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პოლიციელების მიერ გიგა მაქარაშვილის ხელის მოტეხვისა და მისთვის სხვა დაზიანებების მიყენების საქმეზე, პროკურატურამ და სასამართლომ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. აღნიშნულ ინფორმაციას, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ავრცელებს.

“გიგა მაქარაშვილი 2021 წლის 3 ივნისს, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა.  შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის დროს, გიგა მაქარაშვილი დაექვემდებარა პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, ამასთან, მას ხელი შეუშალეს შეკრების უფლებით სარგებლობაში, დააკავეს უკანონოდ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.  კერძოდ, მოტეხეს ხელი, ხელბორკილის ჩარტყმის შედეგად დაუზიანეს მარჯვენა ხელის მტევნის ზედა ნაწილი, ასევე ურტყამდნენ მუშტებს გვერდებში, მიაყენეს დაზიანება კეფის არეშიც. გიგა მაქარაშვილის გაცხადებით, დაკავების შემდეგ, მგზავრობის დროსაც და კახეთის გზატკეცილზე შსს-ს კუთვნილ შენობის პარკირების სივრცეში მისვლის შემდეგაც, სთხოვდა პოლიციელებს, რომ გამოეძახათ სასწრაფო დახმარება, ვინაიდან ხელი ჰქონდა მოტეხილი და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, პოლიციელებმა დაახლოებით 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

გიორგი მაქარაშვილისთვის ხელის მოტეხვისა და მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტზე არსებობს უამრავი მტკიცებულება. ის ფაქტი რომ გიგა მაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით, პროკურატურის შენობაზე განთავსებული კამერებიდან და პოლიციელების სამხრე კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალით. აღნიშნული მტკიცებულებები ასახავს გიორგი მაქარაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავების, შეკრების უფლების ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის განმარტებით: „მოცემულ საქმეზე არ არის ჩატარებული და ამოწურული საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, რომელიც მეტად ნათელს გახდის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რომ შესაძლებელი იყოს გარკვეული შემაჯამებელი დასკვნის მიღება“. აღნიშულ არგუმენტზე დაყრდნობით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა GDI-ს ადვოკატის საჩივარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული რაიმე „შემაჯამებელი დასკვნის არსებობა“. ამგვარ ტერმინს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაზარალებული არის პირი რომელსაც „მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად“. გიგა მაქარაშვილის შემთხვევაში მრავალი მტკიცებულებით დასტურდება მის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი. აღნიშნული მომდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ვინაიდან იგი იყო დაკავებული და იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ. ამგვარად, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

იმის გამო რომ გიგა მაქარაშვილს მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი იგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული დაზარალებულის უფლებებით. მას არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება.

გიგა მაქარაშვილის ინტერესებს GDI იცავს. საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის” – ფარგლებში.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.