მგონია, რომ პოლიცია საკმარისად კარგად არ მუშაობს – სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის დედა

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება, ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა.

მისი თქმით, ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა არის შესაძლებელი.

“მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და მე-7 დღეა ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ვფიქრობ ეს მიუღებელია“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

მისივე თქმით, მოზარდს არ უხსნებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებელი იყო.

ქსენია ფილფანი შვილთან საუბრებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ბავშვი მოწყენილი იყო, რაც დედის განმარტებით, ენის არ ცოდნის გამო ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარების სირთულეში გამოიხატებოდა.

კომენტარი გააკეთა მოზარდის მამამაც, რომელმაც თქვა, რომ შვილთან დაკარგვიდან წინა დღეს იკამათა, გარდა ამისა, ჰქონდათ ცხოვრებისეული კონფლიქტები.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.