მდინარაძის განცხადებით, “მთავარი არხის” ოპერატორი აივნიდან თავად გადმოვარდა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მთავარი არხის ოპერატორი ქარელში, ოცნების შტაბში მეორე სართულიდან თავად გადავარდა.

“ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და მთავარი არხის ჟურნალისტს შორის მართლაც იყო სიტყვიერი დაპირისპირება. უკანა სვლით მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, იქ არის, ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო მოაჯირს და გადავარდა, ეს არ იყო მაღალი სართულიდან ვარდნა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება”. – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია იტყუება და ქართული ოცნების წევრების მხრიდან არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.

“არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა და ნიკა გვარამიამ იცრუა, არათუ მეორე სართულიდან გადმოვარდნა, არამედ არ შეხებიან და არც მეორე სართულიდან გადმოვარდნილა”,– აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მთავარი არხის განცხადებით, ქარელში მათი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჟურნალისტი ბექა ყორშიას განცხადებით, მას სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი და მძიმედ აქვს დაზიანებული მხარი. მისი თქმით, ისინი ზაზა გულიაშვილის შტაბში მივიდნენ და კითხვები დასვეს, რასაც შტაბის წევრებისგან აგრესია მოჰყვა.

ყორშია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს მასზეც.