მერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანამ ვაქცინა მალე მიიღოს – ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებას ვაქცინების დეფიციტით ხსნის და მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს მალე მიიღებს.

“იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.
მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს”,- აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, რეგულაციების მოხსნის მიუხედავად ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა”,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.