“მე ვერ ვიქნები სააკაშვილის მკურნალი ექიმი” – გოგორიშვილის ვიდეომიმართვა

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმეორებს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც გუშინ ნიკა გვარამიას ინტერვიუს უყურა.

ის კვლავ ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა მის მიერ გაცემული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინა.

გოგორიშვილის თქმით, ამიერიდან ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი.

ექიმი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ადვოკატმა “შეცდომაში შეიყვანა” და “ხელი მოაწერინა” დოკუმენტზე, სადაც ის რეკომენდაციას გასცემს, სააკაშვილი სრული რეაბილიტაციისთვის გადაიყვანონ საზღვარგარეთ.

მისი განმარტებით, გვარამიას უთხრა, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი თავისუფალი იქნება, ადვოკატმა კი ფაქტების ინტერპრეტაცია მოახდინა.

ნიკა გვარამიამ ჰოსპიტალს მოუწოდა, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ექიმზე ზეწოლა მოახდინა.