Air France და Airbus დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება რეის AF447-ის კატასტროფას. თვითმფრინავი რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიფრინავდა და 2009 წელს ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. კატასტროფის შედეგად 228 ადამიანი დაიღუპა. პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავიაკომპანია და თვითმფრინავის მწარმოებელი ტრაგედიაზე „განსაკუთრებულ და სრულ პასუხისმგებლობას“ ატარებენ.
შტორმის დროს თვითმფრინავმა მართვა დაკარგა, შევიდა ვარდნის რეჟიმში და წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი — ეკიპაჟის 12 წევრი და 216 მგზავრი — დაიღუპა.
მგზავრებს შორის იყვნენ 126 კაცი, 82 ქალი, შვიდი ბავშვი და ერთი ჩვილი.
მანამდე, 2023 წლის აპრილში, სასამართლომ Air France და Airbus გაამართლა, თუმცა რვაკვირიანი პროცესის შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ ხუთშაბათს საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.
თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენა მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მოხერხდა — ზღვის ფსკერის დაახლოებით 10 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე. თუმცა ბორტის თვითმწერები მხოლოდ 2011 წელს იპოვეს, მრავალთვიანი ღრმაწყლოვანი ოპერაციების შემდეგ.
თვითმფრინავი ოკეანეში 11.5 კილომეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ეს კატასტროფა მსხვერპლის რაოდენობით ფრანგული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.
განაჩენის გამოცხადებას ხუთშაბათს დაღუპულთა ნათესავები დაესწრნენ — ძირითადად საფრანგეთის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები.
პროკურატურამ ორივე კომპანიისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრება მოითხოვა — თითოეულისთვის 225 ათასი ევრო. თუმცა დაღუპულთა ოჯახების ნაწილმა ეს თანხა გააკრიტიკა და სიმბოლური სასჯელი უწოდა.
რეის AF447-ის დაღუპულთა ნათესავების ასოციაციის ხელმძღვანელი დანიელ ლამი, რომელმაც კატასტროფაში შვილი დაკარგა, სასამართლოს გადაწყვეტილება მიესალმა.
„საბოლოოდ მართლმსაჯულების სისტემამ აღიარა იმ ოჯახების ტკივილი, რომლებიც აუტანელი სისასტიკის კოლექტიურ ტრაგედიას შეეჯახნენ, — განაცხადა ლამიმ. — ეს პრესტიჟული კომპანიები ვეღარ დაიმალებიან თვითკმაყოფილებისა და ტექნოლოგიური ქედმაღლობის უკან“.
Airbus-მა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, თუმცა მისი გადასინჯვის მოთხოვნას აპირებს.
თავად ვერდიქტმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს ორივე კომპანიის რეპუტაციას.
ბრალის სრული აღიარება
ნოემბერში გამართული დასკვნითი მოსმენების დროს პროკურორის მოადგილეები Air France-ისა და Airbus-ის ქცევას „მიუღებელს“ უწოდებდნენ და კომპანიებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი „სისულელეებს ლაპარაკობდნენ და არგუმენტებს გზადაგზა იგონებდნენ“.
მაშინ პროკურორმა როდოლფ ჟუი-ბირმანმა მკაცრად გააკრიტიკა Air France-ისა და Airbus-ის ქცევა კატასტროფის შემდეგ გასული წლების განმავლობაში.
„არაფერი მოჰყოლია — გულწრფელი თანაგრძნობის ერთი სიტყვაც კი, — განაცხადა მან. — ეს არის თავდაცვა, რომელიც ციხესიმაგრესავით არის აგებული. ერთი სიტყვით, ყველაფერს ამას შეიძლება ეწოდოს: უხამსობა“.
2012 წელს ფრანგმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ კატასტროფა გამოიწვია სიჩქარის სენსორების ტექნიკური გაუმართაობისა და პილოტების შეცდომების კომბინაციამ, როდესაც ისინი თვითმფრინავის ვარდნის რეჟიმზე რეაგირებდნენ.
სიჩქარის არასწორი ჩვენებების გამო ეკიპაჟი დეზორიენტირებული აღმოჩნდა, ხოლო როდესაც თვითმფრინავმა ამწევი ძალის დაკარგვა დაიწყო, პილოტებმა შეცდომით ლაინერის ცხვირი ზემოთ ასწიეს, ნაცვლად იმისა, რომ ქვემოთ დაეწიათ და მართვა აღედგინათ.
კატასტროფის შემდეგ შეიცვალა პილოტების მომზადების პროგრამები, ხოლო თავად სიჩქარის სენსორები შეცვალეს.
ტრაგედიის შემდეგ Air France აცხადებდა, რომ ხომალდის მეთაურს 11 ათასზე მეტი საფრენი საათი ჰქონდა, მათ შორის 1700 საათი სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავზე.
თვითმფრინავმა ბოლო ტექნიკური მომსახურება 2009 წლის 16 აპრილს გაიარა.
როგორც Airbus, ისე Air France მთელი პროცესის განმავლობაში თანმიმდევრულად უარყოფდნენ ბრალს.
თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ორივე კომპანია ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
Airbus — იმაში, რომ სათანადოდ არ შეაფასა სიჩქარის სენსორებთან დაკავშირებული პრობლემების სერიოზულობა, რომელთა შესახებაც, როგორც სასამართლოში დადგინდა, კატასტროფამდე უკვე ცნობილი იყო.
Air France — იმაში, რომ კომპანიამ არ უზრუნველყო პილოტების სპეციალური მომზადება იმ სიტუაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამ პრობლემას უკავშირდებოდა, და ეკიპაჟებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა.
Airbus-ის წარმომადგენელმა კრისტოფ კაილმა ჯერ კიდევ ოქტომბერში სასამართლოში განაცხადა, რომ კომპანიის მიზანია „ნულოვანი რაოდენობის კატასტროფა“.
„ყველაზე მცირე ავარიაც კი ჩვენი მთელი საზოგადოების მარცხია“, — ამბობდა ის.
Air France-ის ადვოკატმა პასკალ ვაილმა მაშინ აღიარა, რომ ავიაკომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, პილოტებისთვის მაღალ სიმაღლეებზე მოქმედების ტრენინგები ჩაეტარებინა, თუმცა ეს არ ხდებოდა.
„ჩვენ გულწრფელად მიგვაჩნდა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა“, — თქვა მან.
კატასტროფამ ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას დაუდო საფუძველი.
თვითმფრინავი ატლანტის ოკეანის მოშორებულ ნაწილში ჩავარდა — სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან 1100 კილომეტრზე მეტ მანძილზე.
ძებნის პირველ ეტაპზე კატასტროფის მიზეზების გამოძიებას ფრანგული ხელისუფლება კოორდინირებდა, ხოლო ცხედრების ამოყვანით ბრაზილიური სამსახურები იყვნენ დაკავებული.
ოპერაციის პირველი 26 დღის განმავლობაში წყლიდან 51 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა — ბევრი დაღუპული კვლავ სავარძლებზე იყო მიბმული.
დაღუპულთა ერთ-ერთი ნათესავი 2019 წელს მედიას უყვებოდა, რომ საკუთარი შვილის ნეშტის დაკრძალვა მხოლოდ ტრაგედიიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ შეძლო.
მისმა შვილმა — 40 წლის ინჟინერი ნელსონ მარინიო ფილიო — რიო-დე-ჟანეიროს გალეანის აეროპორტში რეისს ძლივს მიუსწრო და, Air France-ის თანამშრომლების თქმით, ბოლო მგზავრი იყო, რომელიც ბორტზე ავიდა.
რეისის მგზავრები მსოფლიოს 33 ქვეყანას წარმოადგენდნენ. დაღუპულთა შორის იყვნენ 61 ფრანგი, 58 ბრაზილიელი, გერმანიის 26 მოქალაქე, ორი ამერიკელი, ხუთი ბრიტანელი და სამი ირლანდიელი.
ბრიტანელ მგზავრებს შორის იყო 11 წლის ალექსანდერ ბიოროი ბრისტოლიდან, რომელიც ბრაზილიაში სასკოლო არდადეგების შემდეგ საფრანგეთის გავლით შინ ბრუნდებოდა.
სამი ირლანდიელი ქალი — ეთნე უოლსი, ჯეინ დიზი და ეშლინგ ბატლერი — ექიმები იყვნენ და ბრაზილიაში დასვენების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
კატასტროფაში დაიღუპა 26 წლის ბრაზილიელი პრინციც — პედრუ ლუიშ ორლეან-ბრაგანსა.
ეკიპაჟი 11 ფრანგისა და ერთი ბრაზილიელისგან შედგებოდა.















