თელავის რაიონულმა სასამართლომ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გამოაცხადა. ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურატურა ითხოვდა 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე მხოლოდ არასაპატიმრო გირაოს გამოყენებასა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორმა ბექა ნათელაურმა განაცხადა, რომ გირაო აუცილებელი იყო, რადგან არსებობდა როგორც მიმალვის, ისე შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. მისი განმარტებით, გიორგი ჭიღლაძე დაზარალებულების ნომერში უნებართვოდ ავიდა და ერთ-ერთ სტუმარს ჯერ მხრის, შემდეგ კი სახის არეში დაარტყა.
დაცვის მხარემ ეს არგუმენტები უარყო და აღნიშნა, რომ ბრალდებული გამოძიებას დაკავების პირველივე საათებიდან თანამშრომლობდა და მიმალვას არ აპირებდა. ადვოკატების განცხადებით, ისინი ეთანხმებოდნენ გირაოს გამოყენებას, თუმცა საპატიმრო ღონისძიების გარეშე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 5000-ლარიანი გირაოს გადახდის მზადყოფნა თავად სასტუმრომ გამოთქვა.
სხდომის დაწყებისას მოსამართლემ ბრალდებულს კისერზე არსებული დაზიანების შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, ხომ არ იყო ის სამართალდამცავების მხრიდან მიყენებული. გიორგი ჭიღლაძემ აღნიშნული უარყო. ბრალის აღიარების საკითხზე კი მისმა ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას ეთანხმება.















