მთავრობა “ლოკდაუნისთვის” ემზადება – ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება, შესაბამისი  გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ აცნობა, რომ შესაძლოა, ე.წ. ლოკდაუნი ხვალიდანაც კი ამოქმედდეს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ, ასევე, აკრძალვები შეიძლება შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც.

ლოკდაუნის საჭიროებაზე დღეს ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მან თქვა, რომ თუ ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს, სიტუაცია იოლად დაიძლევა. გარდა ამისა, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ხალხმრავალ შეკრებებს გამართლება არ აქვს, თუნდაც ეს “უკეთესი მომავლის საბაბით კეთდებოდეს”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა მეცნიერულ საფუძვლებს ემყარება.