“მიირთვას იუსტიციის მინისტრმა” – დროას წევრებმა სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს

“დროას” წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს, რითაც გააპროტესტეს პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება, რომლითაც უწყება ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი “საკვებს იღებს”.

აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე მიმართავს იუსტიციის მინისტრს, 1 კვირა მიიღოს აღნიშნული საკვები დანამატები.

“პერფორმანსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც დღეს აქ მოგვიყვანა არის ის კადრები, რომლებიც გაუვრცელეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ იღებდა საკვებ დანამატებს. ეს არ არის საჭმელი. ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ სამსახურს, გამობრძანდნენ და ეს რაღაცა მიირთვან, რომელიც არც საჭმელია, უბრალოდ მინერალებით შედგენილი პიურეს სახე აქვს და აი ამისთვის ადამიანებს ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ჭამს.

გამობრძანდნენ ეს ადამიანები და მიირთვან 1 კვირა და ვნახოთ, რა იქნება. ადამიანი როცა შიმშილობს 38-ე დღეა და უვრცელებენ ამ დამამცირებელ კადრებს, არის ამორალური. მე არც მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მხარდამჭერი ვარ, უბრალოდ, ამაზრზენია რაც ხდება. წარმოუდგენელია, კიდევ რამდენს ბედავს ეს ხალხი. არ შეიძლება ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვუყუროთ, როგორ კლავენ და როგორ აწამებენ”,– ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

ცნობისთვის, 2 დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო ოთახში გარკვეულ დანამატებს. უწყება ირწმუნება, რომ სააკაშვილი “საკვებს იღებს”. სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.