„მე არ მგონია, რომ უგულავა იმდენად არაკვალიფიციური იყოს, რომ არ ესმოდეს, რომ ეს არის მკვდრადშობილი პროექტი. სწორედ ეს არის ხელისუფლების გეგმაც, მატრიცა. რადგან როცა ხდება ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია, ამ პარტიებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარ ტიტანიკად იქცევა, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ამომრჩევლის სეგმენტაციას მოვახდენთ, მივიღებთ ასეთ სურათს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, ამომრჩევლის დაახლოებით 25% მოიზიდოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იგივე რესურსი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში და მთელი დანარჩენი ელექტორატი ითხოვს მომავლის არჩევას. საბოლოო ჯამში, ორპოლუსიანობის შემთხვევაში, ხელისუფლების სამობილიზაციო რესურსი არის ბევრად მეტი, თუ ნეგატიური არჩევანის წინაშე დგები. თუ ეს ამომრჩევლის უზარმაზარი მასა ვაიძულეთ, რომ გადანაწილდეს ამ ორ პოლიტიკურ ცენტრზე, ხელისუფლება იგებს ამ თამაშში.

შესაბამისად, უგულავას ეს შეთავაზება ხელისუფლების ინტერესებშია, მე არ ვამბობ, რომ უგულავა ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ ასეთია არითმეტიკა, ამას აჩვენებს ყველა კვლევა. ჩვენ ფრონტის ხაზის ასე გატარება კი არ გვჭირდება, პირიქით, ოპოზიციურ ფლანგზე ფრონტის ხაზის მაქსიმალურად გაშლა გვჭირდება, იმისათვის, რომ ყველა ეს უკმაყოფილება, ყველა ეს სეგმენტი მოვიცვათ და არ ავაშენოთ “ტიტანიკი“, რომელიც განწირულია ჩაძირვისთვის. უგულავამ კი თქვა პოლიტიკური ხომალდი, მაგრამ მასზე ტიტანიკი აწერია”

ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში გიგი უგულავას ინიციატივას.