მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი მიშელის დოკუმენტს – IDFI

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი მიშელის დოკუმენტს”- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, მოაწერონ ხელი შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ პარლამენტს აკისრია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური ტვირთი. ამ ტვირთის ტარება ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, თითქმის 6 თვეა საქართველო ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან. ამის პარალელურად, სახელმწიფო დგას არაერთი საშინაო, თუ საგარეო გამოწვევის, ასევე პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. პოლიტიკური კრიზისის თითოეული დღე არსებითად აზარალებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული წინადადება მომზადებულია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის შედეგად და იგი კრიზის დასრულების დიპლომატიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ბუნებრივია, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება გააჩნდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება”, – წერია განცხადებაში.