„მტკიცედ ვუჭერთ მხარს გასულ თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსილიუმი თავის ღირებულ მუშაობას გააგრძელებს. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელსაც აქვს კონკრეტული კონსტიტუციური როლი – საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობა.

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ ზედმიწევნით შემოწმებას პატიმართა უფლებების საკითხთან დაკავშირებით.

მუდმივად ვაკვირდებით ამ უწყებების რეკომენდაციებსა და შეფასებებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ბატონი სააკაშვილის ადვოკატების მიერ გამოხატულ პოზიციებს.

შესაბამისად, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს”

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა, ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში.