მოსაამრთლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა – ნინო დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.
ნინო დათაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო მისვლა ვერ შეძლო და პროცესს დისტანციურად დაესწრო. დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ხერხემლისა და კისრის არეში.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.