მოსკოვთან ახლოს სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში, დოლგოპრუდნოეში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მოსკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი შენობას გაუჩნდა და ხანძრის ტერიტორიამ 1.2 ათსი კვ.მ. შეადგინა. დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაიწვა ხის შენობა, სადაც სამხედრო ყაზარმა იყო განთავსებული. შენობაში წვევამდელები და პერსონალი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით მათი ევაკუაცია მოხერხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ნაწილი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 დივიზიას ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ ჰაერსაწწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო არმიის შემადგენლობაშია.  მის შეიარაღებაშია სხვადასხვა მოდიფიკაციების სარაკეტო კომპლექსები.