მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ – ოცნების დეპუტატი გახარიას შესაძლო გადაყენებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი მაია ბითაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში არავითარ დაპირისპირებას არ არის.

“არანაირი დაპირისპირება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდა ეს რადიკალურ ოპოზიციას, გუნდში არ არის. პოლიტსაბჭო შედგება 21 წევრისგან, ხან ერთი წევრი აკლია სხვადასხვა მიზეზის გამო, ხან მეორე. შესაბამისად, არის საკითხები სადაც პოლიტსაბჭოს ყველა წევრის დასწრება აუცილებელია, მაგრამ საკითხები, რომელზეც გუნდში კონსენსუსია, არ არის აუცილებელი ყველა წევრი ესწრებოდეს. ეს არი ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი”, – განაცხადა ბითაძემ ფორმულასთან საუბრისას.

დეპუტატი სიზმარს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე შესაძლოა პრემიერმა გახარიამ პოსტი დატოვოს.

“ეს სიზმარია და მე ძალიან მომწონს თქვენ რომ მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ. ძალიან კარგი თუ ახდება თქვენი სიზმრები, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიურად ხდებოდეს. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მემკვიდრეობით არ გადაეცემათ, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე თანამდებობებს არ იკავებენ. მათ შორის მე 4 წლის შემდეგ ამ თანამდებობას არ დავიკავებ. პრემიერმინისტრის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. თუ ფორმულას აქვს დამატებით რაიმე ინფორმაცია ამის თაობაზე, შეგვიძლია განვიხილოთ”, – განაცხადა ბითაძემ.