ნაპოვნია თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი – კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ადასტურებს.

კატასტროფის ადგილზე კი უკვე 19 გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს. ერთის ძებნა გრძელდება.ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

  • “ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს”, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის, C130 “ჰერკულესი” ჩამოვარდა.

ეს არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 56 წლის იყო, 1969 წელს აწყობილი.

თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.