ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბავშვს დეკემბერში 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა – ადვოკატი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ბასილაშვილმა მორიგების აქტის შედეგად თავის ცოლს ჭავჭავაძეზე სახლი გადასცა.

მისი თქმით, სიმართლე არ არის, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რადგან 2020 წლის დეკემბერში 85 ათასი ლარი ჩაურიცხა და ასევე, გადაუხადა 7500 ლარი.

“ის რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ უხდის ალიმენტს თავის შვილს, ეს არის ფეიკნიუსი. გამომდინარე იქიდან რომ, საერთოდ არ არსებობს არანაირი გადაწყვეტილება, რითაც ბასილაშვილს ალიმენტის გადახდა დაკისრებული აქვს. ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, არ იყვნენ განქორწინებული, ნელი დოროყაშვილმა წამოიწყო ქონებრივი დავა და მიმართა სასამართლოს. ნიკა ბასილაშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მას არ სურდა სასამართლო დავაში შესვლა. გადაწყვიტეს, რომ მორიგების აქტი გაფორმებულიყო მათ შორის.

აქტით მან მიიღო საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს ქალბატონი ნელი დოროყაშვილი, რომელიც გახლდათ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლი. ბატონ ნიკოლოზს 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბავშვისთვის გადახდილი აქვს 7500 ლარი და ბოლოს ჩაურიცხა 85 ათასი დოლარი დეკემბრის თვეში. სპეკულაციები იმისთან დაკავშირებით რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის შვილს თურმე სახლს ართმევს, არ უხდის ალიმენტს უბრალოდ ძალიან უხერხულია”,– ამბობს ჭკადუა ტვ პირველის ეთერში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ჩოგბურთელს წელიწად-ნახევარია არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდია და ასევე, სახლს ართმევს სასამართლოს გზით.

PHR-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცოლ–ქმარი სასამართლო დავის გარეშე შეთანხმდნენ ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე, თუმცა ბასილაშვილმა ალიმენტი მხოლოდ ორჯერ გადაიხადა.

რაც შეეხება სახლს, როგორც ადვოკატი განმარტავს, ამავე შეთანხმებაში წერია, რომ ერთ-ერთი სახლი ბავშვის სახელზე გადაფორმდებოდა და ეს იქნებოდა მისი ქონება, თუმცა უკანასკნელ მომენტში ბასილაშვილმა ამაზე უარი თქვა და ახლა სასამართლოში “ამტკიცებს, რომ ეს სახლი მისია და არ უნდა დარეგისტრირდეს მისი შვილის სახელზე”.