ნიუ იორკში 200–მდე ქართველს მწვავე პნევმონია, 50–ს კი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი, ნინუკა ბორჩხაძე ფეისბუქზე წერს ნიუ იორკში და მიმდებარე შტატებში მყოფი ქართველების მდგომარეობის შესახებ:
“მოკლედ, არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია ქართველების მდგომარეობის შესახებ ნიუ იორკში და მიმდებარე შტატებში: ამ მომენტისთვის 200-მდე ადამიანი მკურნალობს მწვავე პნევმონიას და კოვიდ-19ისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ; დაახლოებით 50-ს დადასტურებული დიაგნოზი აქვს ტესტით, 15 ჰოსპიტალიზირებულია, ერთი 62 წლის მამაკაცი დაიღუპა, დანარჩენებს, – ვირუსის ყველა სიმპტომი აღენიშნებათ; დასნებოვებულების ძირითადი ასაკი 30-60 წლამდეა და ამ 200 ადამიანიდან ნახევარს, ექიმის თქმით, საშუალოდ მძიმე მდგომარეობა აქვს.
ამ ემიგრანტების დასახმარებლად და ამ მონაცემთა შესაგროვებლად შექმნილია კრიზის-ცენტრი. რამდენიმე მოხალისე და აქ მყოფი ქართველი ექიმები პაციენტებს მკურნალობენ დისტანციურად და სახლში მონახულებით.
ეს ინფორმაცია დადასტურებული და გადამოწმებულია.“– წერს ნინუკა ბორჩხაძე.