ოხანაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ნიკა მელიას კიდევ ერთხელ გასამართლება უნდათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმიანება და ამბობს, რომ ნიკა მელიას გასამართლება კიდევ ერთხელ უნდათ, რაც მისთვის მისაღებია.

მისი თქმით, თუკი ვინმე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი იქნება 20 ივნისის მოვლენებზე, ეს ნიკანორ მელია იქნება.

„მე არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან მიმართებაში, რომ ყველაფერი გაირკვეს, გაეცეს პასუხი. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მთელი რიგი საქმეები არ არის დასრულებული. შესაბამისად, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც დაისვას და წერტილიც დაისვას.

პირველი, თუკი ვინმე პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც პასუხისმგებელი იქნება 20 ივნისის მოვლენებზე, ეს ნიკანორ მელია იქნება. თუ ამის დემონსტრირება უნდათ, თუ ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და შესაბამისად, შეიძლება მხარიც დავუჭიროთ”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ლელო ინიციატივით გამოდის, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ადამიანებს უნდა ეპატიოთ, რაც ჩაიდინეს, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რას პატიობს.