პოლიტიკური მორატორიუმი, საგარეო საფრთხეები – რაზე ისაუბრეს ექსპრეზიდენტებმა

გიორგი მარგველაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც პრეზიდენტებს დიალოგი ჰქონდათ.

მისი თქმით, ისაუბრეს საქართველოს საგარეო საფრთხეებზე და საჭირო პოლიტიკურ მორატორიუმზე.

“მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას.

პირველ რიგში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშე არის ამ დღეებში. მიმოვიხილეთ ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ახლობელ უკრაინას, ავტომტურად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების, გავიზიაროთ ღრმა შეშფოთება და ქალბტონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას, რაც ჩვენს შორის არსებობს, ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ყველას უნდა გვქონდეს ფუნდამენტი და საფუძველი გაერთიანებისა. ჩემთვის ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. რამდენი უთანხმოებაც არ უნდა გვქონდეს, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული.

ორივენი ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება და ტემპერატურის დაწევა შიდა დაპირისპირებისა, არის უაღესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი. ორივემ გამოვხატეთ მოწონება იმისა, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ 3 პრეზიდენტის ფორმატი.

ამის პარალელურად, მინდა აღვნიშნო, რომ სწორად მიმაჩნია ასეთ პროცესში, ჩვენ ვართ რა გადაფასების პროცესში, ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს საქმეებია სააკაშვილი, ხაზარაძე, მელია, გვარამია. ის საქმეები რაც მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად. შეიძლება არ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, მაგრამ გადაფასების პროცესში ამ პროცესს ვაჩერებთ. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, მრგვალ მაგიდასთა წინაპირობა უნდა იყოს, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის მტკივენეულია, ეს არის შიმშილობის თემა, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის ოფისში. პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე და ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ თუ შესაძლებელია, რომ ვურჩიოთ ამ ადამიანებს, მოუფრთხილდნენ თავს”,– თქვა გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.