პოლიტიკურ პროცესში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თბილისში ვარ – გახარია

გიორგი გახარია რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ საპატრიარქოსთან გამოჩნდა. მისი თქმით, საქართველოში იმყოფება, თუმცა პარტიული საქმიანობით არის დაკავებული.

“ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს და ბევრია საქმე და ბევრია სამუშაო, ამიტომ, ბევრი გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა. ეს არის და ეს”,– ამბობს გახარია.

მისივე განცხადებით, პრიორიტეტია საკრებულოებში და პარლამენტში მუშაობა.

“განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ”,– აღნიშნავს გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა “საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა”, ამიტომ მას ყველა უნდა დაეხმაროს.