პრაიდის დაორგანიზება მიზნად ისახავს დაძაბულობას – “ოცნების” დეპუტატი

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ საქართველოში “არავის არაფერი ეზღუდება”, თუმცა ამავე დროს ამბობს, რომ პრაიდის ორგანიზატორებმა ღონისძიების ჩატარებიგან თავი უნდა შეიკავონ.

“ყველა კონტექსტის გათვალისწინებით, ის რა მოცემულობაც არის, დიდ სურათს თუ შევხედავთ ბუნებრივია, უმჯობესი იქნება თუ თავს შეიკავებენ და არ ჩატარდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ პრაიდის დაორგანიზება მიზნად ისახავს ალბათ ერთადერთ რამეს, რომ ხელოვნურად მოახდინოს დაძაბულობა და გამწვავება, ქვეტექსტი ხომ ეს არის. სხვა შემთხვევაში, უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც აკეთებს განცხადებას ღიად, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, არავის არაფერი ეზღუდება”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ. მისი თქმით, ამის მიზეზი “სრული კონტექსტია”.

ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციითაა დაცული, ამიტომ ირაკლი კობახიძე მათ ღონისძიებას ვერ გააუქმებს.