პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა – “ოცნება” ზურაბიშვილს მიმოწერის გასაჯაროებით ემუქრება

“ქართული ოცნება”  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი  არ გამორიცხავს, რომ გასაჯაროვდეს შიდა მიმოწერა, სადაც დასტურდება, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას “ოცნებამ” შესთავაზა.

„ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანიშნა ყველა წარდგენილი ელჩი. მათი ეს ლოგიკა სწორია, ეს იმას ნიშნავს, გაცნობიერებული აქვთ, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილება ანიჭებს ვალდებულებას, ხელი მოაწეროს ელჩის დანიშვნას, ანუ გააფორმოს დოკუმენტი. ეს თუ მათ ასე ესმით, ეს კარგია, თუმცა, რეალობა არის სხვა და არ მესმის, რაში დაჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. არ არის სწორი, რომ ყველა წარდგენილი ელჩი იქნა დანიშნული,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით  საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.  გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სააგენტოს აცნობეს, რომ  ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.