პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყებად ილია II-ს კურთხევა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა.

საპატრიარქოს განცხადებით, თავად პატრიარქიც და ეკლესიაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას “მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დემოკრატიის სამიტზე როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, აიღო შერიგების დაწყების ვალდებულება.

“ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”,– აღნიშნავს პრეზიდენტი.