პუტინის 100 მილიონიანი იახტა ჰამბურგიდან სასწრაფო წესით კალინინგრადში გადაიყვანეს

უკრაინაში ომამდე ორი კვირით ადრე მდიდრულმა იახტამ  Graceful ნაჩქარევად დატოვა ჰამბურგი და კალინინგრადისკენ გაემართა. სავარაუდოდ ეს სანქციების შიშით მოხდა. დიდი ხანია მას “პუტნის იახტას“ უწოდებენ, თუმცა ამის უტყუარი მტკიცებულებები აქამდე არ არსებობდა. ბიბისი–მ მისი მფლობელი “პუტინის კარის“ დოკუმენტების  დასტებში აღმოაჩინა.

7 თებერვალს გამოცემა “ბილდ“–მა დაწერა, რომ ე.წ. პუტინის იახტამ ქალაქ ჰამბურგის პორტი დატოვა. ტაბლოიდი წერდა, რომ ეს სავარაუდოდ დაპატიმრების შიშით გაქცევა იყო. იგულისხმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხო შესაძლო სანქციები.

მაშინ უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ მხოლოდ ამერიკული მედია იტყობინებოდა, რუსეთის ხელისუფლება კი პასუხობდა, რომ ეს ყველაფერი ინსინუაცია იყო და ჯარები საზღვარზე წვრთნებისთვის შეკრიბეს.

რა არის ცნობილი იახტის შესახებ

პუტნის იახტას უწოდებენ 82 მეტრიან კომფორტულ საოკეანო ხომალდს, რომლის მშენებლობა ჩრდიოეთ დვინის “სევმაშში“ დაიწყო და გერმანიაში დასრულდა. წყალზე იახტა 2014 წელს ჩაუშვეს. იახტაზე არის აუზი, ვერტმფრენის მოედანი, ორ სართულიანი აპარტამენტები, სტუმრების კაიუტები და სასტუმრო ოთახები. ტრენაჟორები ზედა გემბანზე. იახტის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

პუტინის იახტა ჰამბურგის გემსაშენის დატოვებისას

მშენებლობის შემკვეთი ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია იყო, წყალში ჩაშვების შემდეგ კი მის ოპერირებას სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტის“ კვიპროსული შვილობილი კომპანია ახდენდა. პუტინის იახტა ხომალდს დასავლურმა მედიამ და სპეციალიზირებულმა პორტალებმა რამდენიმე არაპირდაპირი ფაქტის საფუძველზე დაარქვეს, რომლებიც არასაკმარისი იყო პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან მის დასაკავშირებლად, თუმცა საინტერესოა: მაგალითად, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ, რომ ხომალდი თავდაცვით “სევმაშში“ აშენდა, რომელიც რეალურად წყალქვეშა ნავებზეა სპეციალიზირებული.

“სევმაშის“ წარმომადგენელი მედიას მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ შემკვეთის შესახებ არაფერი იცოდა და ქარხანას საქმე მხოლოდ მის წარმომადგენელთან ქონდა.

შემდეგ იახტა ხშირად ჩნდებოდა სოჭში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს და მის გარემოცვას უყვართ დასვენება. ის იმ ხომალდების სიაშიც კია, რომელსაც ადგილობრივი პორტი სააგენტოს მომსახურებას უწევს. 2018 წელს რუსულმა გამოცემა “სობესედნიკმა“ გააანალიზა მონაცემები იახტის გადაადგილების შესახებ და დამთხვევა აღმოაჩინა: 2016 წლის 15 სექტემბერს  ვლადიმერ პუტინი ქერჩში სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე გაემგზავრა. აქვე, ზუსტად ამავე დროს გადაადგილდა სოჭიდან იახტა. თუმცა, მაღალი სტანდარტების მიმდევარი დასავლური მედია ამბობდა, რომ ეს არასაკმარისია პუტინთან ამ იახტის პირდაპირ დასაკავშირებლად.

თუმცა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მედიამ იახტას ყურადღება კიდევ ერთხელ მიაქცია და მისი მფლობელი გაშიფრა.

2021 წლის შემოდგომაზე იახტა Graceful ჰამბურგის გემთსაშენში მოდერნიზაციისთვის ჩაიყვანეს – კერძოდ, იგეგმებოდა ცხვირისა და გემბანის მიდამოებში სარემონტო სამუშაოები.

თუმცა, თებერვლის ბოლოს იახტამ ჰამბურგი დატოვა ისე, რომ სამუშაოების დასრულებას არ დაელოდა. გეგმის მიხედვით ის აპრილზე ადრე არ უნდა დასრულებულიყო – უყვება ბიბისი–ს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული პირი.

“გასაგებია, რომ გემსაშენის სასწრაფოდ დატოვების ბრძანება მეპატრონისგან მოვიდა.“ – ამბობს ადამიანი, ვინც იახტის მიერ ჰამბურგის დატოვებას შეესწრო. ის საერთოდაც ამბობს, რომ რემონტი მაისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

რამდენიმე დღის შემდეგ იახტა კალინინგრადის სრუტეში გადაიღეს, სადაც ამჟამად იმყოფება. ეს არის საიტ  Marinetraffic–ის მონაცემები, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ამის წყალობით ახლა შესაძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად ვის ეკუთვნის იახტა, რომელიც მშენებლობის პროცესში ბაჰამის კუნძულების ოფშორულ კომპანიაზე იყო რეგისტრირებული. “ბალტიის ზღვის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის“ საიტზე არსებული ინფორმაციით მისი მფლობელი სააქციო საზოგადოება “არგუმენტია“;

ერთ–ერთმა ტელეგრამ არხმა იგივე ინფორმაცია მოიპოვა იახტის მფლობელის შესახებ გაეროს ელექტროკავშირის საერთაშორისო გაერთიანების გემების მონაცემთა ბაზაში: იქ ხვდება ყველა გემის მონაცემი, რომლებზეც გლობალური საზღვაო სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც უბედურების სიგნალის გადასაცემად გამოიყენება.

რუსეთში ასეთი დასახელების და ასეთი სამართლებრივი ფორმის სამი კომპანიაა. აქედან ორი მოსკოვურია და მათი აქტიური საქმიანობის კვალი არსად ჩანს. მესამე კი გელენჯიკიდან, და პირდაპირ არის დაკავშირებული ე.წ.“პუტინის სასახლის“ პროექტთან. ეს არის მდიდრული კომპლექსი გელენჯიკთან ახლოს, რომელიც საიდუმლოდ აშენდა თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტისთვის. 2021 წლის იანვარში ალექსეი ნავალნის გუნდმა დიდი გამოძიება გააკეთა, რომელიც პუტინის სასახლეს ეხებოდა. პუტინმა მაშინ თქვა, რომ იმ სასახლიდან არაფერი მას და მის ნათესავებს არ ეკუთვნით.

2021 წლის მაისში ბიბისი–მ დაადასტურა ნავალნის ბევრი ვარაუდი იმ დოკუმენტების წყალობით, რომლებიც რედაქციის ხელში აღმოჩნდა. ეს არის ცნობები და ოფიციალური დოკუმენტები, რომლებსაც მოსკოვური ფირმის თანამშრომლები ამზადებდნენ, რომლებიც სასახლისა და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ობიექტის მომსახურებისთვის იყვნენ დაქირავებული.

კერძოდ, დოკუმენტებში არსებობს დასკანერებული საბუთები სასახლის გაყიდვის შესახებ ხელმოწერებით და ბეჭდებით: პუტინის ძველი მეგობარი ნიკოლაი შამანოვი სასახლეს შერემეტევოს აეროპორტის თანამფლობელის, ალექსანდრ პონომარენკოს სტრუქტურებზე ყიდის. პონომარენკო 2022 წლის 28 თებერვალს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვდა. ის წარსულში პუტინის სასახლის მშენებლობას აფინანსებდა.

დოკუმენტებში იძებნება სს “არგუმენტის“ დოკუმენტებიც – მაგალითად საგადასახადო დეკლარაციის ასლი ბეჭდით, ბრძანება დირექტორის დანიშვნის შესახებ, ასევე ხელშეკრულება სესხის შესახებ “პუტინის სასახლის“  ერთ–ერთი მმართველი კომპანიიდან. ყველა დოკუმენტი 2000–იანი წლების ბოლოს და 2010–იანების დასაწყის ეკუთვნის.

“არგუმენტი“ დღემდე იჯარით ფლობს სახელმწიფო ტყის 16 ჰექტარ ნაკვეთს უშუალოდ პუტინის სასახლის გვერდით. რისი აშენება იგეგმებოდა ამ მიწაზე გაუგებარია. დოკუმენტების დასტაში ამ კომპანიის საბუთები ჩავარდნილი პროექტების საქაღალდეში ინახება.

კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ: პუტინის სასახლის მშენებლობის შემკვეთი სტრუქტურის ექს ხელმძღვანელი, ოლეგ კუზნეცოვი, ასევე ალექსანდრ კოლპაკოვი –წარსულში იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციებს  განაგებდა, ახლა კი მისი საქმეთა მმართველია.

რატომ წაიყვანეს იახტა ჰამბურგიდან დაჩქარებული წესით

მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, შესაძლოა სანქციების შეეშინდათ, რომლებზეც მაშინ ჰიპოთეტურად ლაპარაკობდნენ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობის გენერალური დირექტორის მოადგილე, ილია შუმანოვი.

“რადგან ნავალნის გამოძიებაში ეს კომპანიები და გვარები ფიგურირებდა, იახტას სავარაუდოდ კავშირი აქვს პირთან, რომელიც გამოძიებაში მოყვანილი ობიექტებით სარგებლობდა. ეს კი სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტია. ამგვარად, გარემოებების გათვალისწინებით, იახტის დისლოკაციის ადგილის შეცვლით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მფლობელები ან პრეზიდენტის უახლოესი წრეა, ან იმ ადამიანთა წრე, რომლებიმაც საომარი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ასეთები კი როგორც ჩანს, შეზღუდული რაოდენობით არიან.“