ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა

თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

19 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.